სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის 4-წლიანი სტრატეგია მთავრობას წარედგინება
ეროვნული სივრცითი მონაცემთა ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭოზე 4-წლიანი სტრატეგია, 1-წლიანი სამოქმედო გეგმა და 9 დარგობრივი რეგულაციის პროექტი განიხილეს. დოკუმენტები დასამტკიცებლად მთავრობას გადაეცემა.
ეროვნული სივრცითი მონაცემთა ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭოში ინფრასტრუქტურის განვითარების 4-წლიანი სტრატეგია, 1-წლიანი სამოქმედო გეგმა და 9 დარგობრივი რეგულაციის პროექტი განიხილეს. შეხვედრას იუსტიციის ვიცე-მინისტრი თამარ ზოდელავა ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრომ 30 სექტემბერს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აცნობა.
სხდომაში მონაწილეობა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც საბჭოს წევრები არიან. საბჭო მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ქვეყანაში ეროვნული სივრცითი მონაცემთა ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა.
დოკუმენტები დასამტკიცებლად მთავრობას წარედგინება. მათი მომზადება კოორდინატორმა უწყებამ, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საბჭოს წევრ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყო. მონაცემები თავსებადი იქნება ევროკავშირის სივრცითი მონაცემთა ინფრასტრუქტურასთან (INSPIRE) და ეროვნული გეოპორტალის მეშვეობით იოლად გაზიარდება.
რეფორმის მიზანი სივრცითი მონაცემების მართვისა და გაზიარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტ GRAIL-ის ფარგლებში, საჯარო რეესტრმა პირველი მრავალფუნქციური გეოპორტალი — NSDI.GOV.GE შექმნა. ეროვნულ გეოპორტალზე დაახლოებით 30 დაწესებულების 160-ზე მეტი მეტამონაცემია განთავსებული და საჯაროდ ხელმისაწვდომია.
ზუსტი გეოგრაფიული მონაცემები საჯარო და კერძო სექტორს გადაწყვეტილებების დასაბუთებულად მიღებაში ეხმარება. ეს მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ასევე ბიზნესისთვის, რათა კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფად და ეფექტიანად რეაგირება შეძლონ.
სხვა ამბები
თურქმენული „Ak Bulut“-ის წარმომადგენლობა თბილისში ქართველ დეველოპერებს ემსახურება
Archi და ცენტრალური აზიის უდიდესი დეველოპერი BI Group საქართველოში პარტნიორობას იწყებენ
ONE Development Ambassadori Island Batumi-ზე 200 მილიონ დოლარს დააბანდებს
მშენებლობა აგვისტოში ერთადერთი სექტორია, რომელმაც კლება აჩვენა — საქსტატი